გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჟურნალის „THE ECONOMIST“ წლიური გამოცემა „მსოფლიო 2019“ ეგიდით გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ორ პანელზე გააკეთებს მოხსენებას.
კონფერენციის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრებს, შემდეგკი, საქართველოსთვის მწვანე ეკონომიკის განვითარების მოდელის მნიშვნელობის საკითხებს განიხილავს.
პანელზე მინისტრთან ერთად სპიკერებად მოწვეული არიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის კოორდინატორი ხავიერ სანსალვარესი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა და კავკასიაში რეგიონალური გარემოს დაცვითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი სოფიო ახობაძე.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო დისკუსია, რომელიც მიეძღვნება ახალიბაზრებისა და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციის, მეწარმეობის ხელშეწყობის, საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის პოტენციალის მნიშვნელობის საკითხებს.
კონფერენციის მიზანია, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, სამუშაო გარემოში ახალი გამოწვევებისა და მომავალი განვითარების პერსპექტივის გლობალურ კონტექსტში განხილვა.
კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ 29 იანვარს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით ევროკომისიის ტრანსპორტისა და ობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი, ჰენრიკ ჰოლოლეი იმყოფებოდა.
ფორუმს საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.