"რკინაბეტონის შპალის ქარხნის" მფლობელი კომპანია "მიქსორი" საწარმოს პროფილის შეცვლას არ გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა მინდია გუმბერიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
მისი თქმით, წლის ბოლომდე საწარმოს გაფართოება მოხდება, სადაც "მიქსორი" სამი მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს. წარმოებას დაემატება სამშენებლო კონსტრუქციების გამოშვებაც.
როგორც კომპანია "მიქსორის" დირექტორი მინდია გუმბერიძე განმარტავს, "მიქსორი" სამშენებლო კონსტრუქციების წარმოების მხრივ ბაზარზე ლიდერი კომპანიაა და მას თბილისის მასშტაბით ბაზრის 35 % უკავია.
კომპანია "მიქსორი" სამშენებლო მასალის საწარმოებს ზაჰესში და მცხეთაში ფლობს და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 10 მილიონის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. "მიქსორის" მიერ წარმოებული მასალით აშენებულია იგოეთის ხიდი, იუსტიციის სამინისტროს ახალი შენობა. ამჟამად კი გლდანის შემოვლითი გზა შენდება.
შეგახსნებთ, რომ შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხნის" (ქ. თბილისი, კაიროს ქ. №6) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის მფლობელი შპს "მიქსორი" 9 სექტემბერს გახდა. კომპანიამ საწარმო 6 850 000 აშშ დოლარად შეიძინა. ობიექტის საწყისი ღირებულება 6,8 მლნ დოლარი იყო. ქარხანა დღეში 720 ცალ რკინაბეტონის შპალს ამზადებს, რომელიც ე. წ. ინგლისურ და იტალიურ ხაზებზე მზადდება, მასალა კი ინგლისიდან ჩამოდის. ქარხანას საშუალება აქვს, 2-ჯერ მეტი შპალი და კიდევ სხვა პროდუქცია გამოუშვას არა მარტო ქართული ბაზრისთვის, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით საექსპორტოდ. ქარხანა მდებარეობს თბილისის გარეუბანში, სამრეწველო ზონაში. საწარმოს აქვს მოქმედი კონტრაქტები "საქართველოს რკინიგზასთან". საწარმო მოქმედებს 1968 წლიდან, ქარხანაში დამზადებული დეტალებითაა აგებული თბილისის რკინიგზის ცენტრალური ვაგზალი, ბორჯომის ვაგზლის კონსტრუქციები და ლოკომოტივის სტადიონი. 1999 წელს ექსპლუატაციაში შევიდა რკინაბეტონის შპალების მწარმოებელი ინგლისური ხაზი, რომელიც ცვლაში 400 ერთეულ ევროსტანდარტის შპალს ამზადებს. 2003 წელს დამატებით დამონტაჟდა რკინაბეტონის შპალების მწარმოებელი იტალიური ხაზი, რომლის წარმადობაც ცვლაში მხოლოდ 320 ერთეულია. ქარხანის საქმიანობის ძირითადი პროფილებია: რკინაბეტონის შპალების წარმოება, რკინაბეტონისა და სამშენებლო დეტალების წარმოება და მცირე საკედლე ბლოკის წარმოება. დღესდღეობით ქარხანაში 120 ადამიანია დასაქმებული.