"გმარდულის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა გომარდულის, როგორც აჭარის სპორტული ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრის შექმნაზე. უკვე გვაქვს ხედვა თუ რა პრინციპით უნდა მოხდეს სამომავლოდ ამ ტერიტორიის ინფრასტრუქტურული განვითარება, რაც მოიცავს ახალ სპორტულ სივრცეებს, ჯანსაღ გარემოს, თანამედროვე სტანდარტების განთავსების და დასვენების ობიექტებს. რა თქმა უნდა ეს პროცესები ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური შენარჩუნებითა და მისი ეფექტური გამოყენებით განხორციელდება.
ეს არის ის გეგმა, რომლითაც აქ ინვესტიციების განხორციელების პროცესი დაიწყება. ჩვენი მიზანია ამ ტერიტორიაზე ინვესტორების მოტივაცია გავზარდოთ, რომ ბიზნესს კაპიტალდაბანდების ინტერესი გაუჩნდეს. ჩვენ გვჯერა რომ დღეიდან აქ განვითარების ახალი ეტაპი იწყება“- განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ გომარდულის განვითარების პრეზენტაციაზე.
მინისტრმა საზოგადოებას სახელმწიფოსთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, წლების განმავლობაში არსებული კურორტის ყადაღის მოხსნა მიულოცა და გომარდულის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
ღონისძიების მონაწილეებს გომარდულის განვითარების სპეციალური ვიდეო რგოლის ნახვის საშუალება მიეცათ.
გომარდულის ფესტივალის ფარგლებში კონცერტი და სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართა.