თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი, ვაკის პარკში მშენებლობასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ქვეყანა პოსტ ზონდერისტულ ეპოქაში ცხოვრობს.
„წლების განმავლობაში ჩვენ გარშემო არსებობდნენ ზონდერები სხვადასხვა სფეროში, ზონდერები ვინც ხალხს აწამებდა, ტელე ზონდერები, იყვნენ პოლიტ და იდეოლოგიური ზონდერები და იყვნენ ბიზნეს ზონდერები ან ურბანული ზონდერები, როგორიც არის ის ბიზნესჯგუფი და კონკრეტულად გოგა ზაქაიძე, ვინც ვაკის პარკის მშენებლობის უკან დგას. ეს ხალხი წლების განმავლობაში ძალადობდა ამ ქალაქზე და მე ვურჩევდი მას, რომ სანამ მერიას სწორი გადაწყვეტილებისათვის მადლობებს გადაუხდის, უმჯობესია თბილისელებს მოუხადოს ბოდიში იმ ყველაფრისთვის, რაც აქვს გაკეთებული და რის გაკეთებასაც აპირებდა,”- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, მან როგორც საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, კარგად იცის, მის სამაჟორიტარო ოლქში ამ კონკრეტული კომპანიის მიერ წლების წინ აშენებული კორპუსები, რომლებიც დღემდე არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და ამ მშენებლობებზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები.
„ამ ფონზე მე მას ვურჩევდი მადა შეიმციროს ისე, რომ თბილისს და თბილისელებს ძვირი არ დაუჯდეს მისი ვაკის პარკიდან გასტუმრება,”- განაცხადა შაქარიშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ისაუბრა ასევე ბახტრიონის ქუჩაზე არსებული კორტების კერძო მესაკუთრესთან მონაცვლეობის საკითხზე, რასაც დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ.
„მინდა მცირედი შედარება გავაკეთო თუ რა მიდგომები აქვს ჩვენ ხელისუფლებას ბიზნესთან და რა მიდგომები ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას და გიგი უგულავას. დღეს ჩვენ ნაციონალური მოძრაობის მიერ პირდაპირ შეიძლება ითქვას ჩამორთმეულ მიწას უნაცვლებთ ყაზახ მესაკუთრეს, ამასთან ერთად ვიბრუნებთ კორტების დიდ ნაწილს და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში სრულად დავასრულებთ ამ პროცესს და დავიბრუნებთ კორტების ტერიტორიას. ეს ჩვენი უბნისთვის და მთლიანად ქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, “- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, ეს ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება არ ეწინააღმდეგება ბიზნესს, მშენებლობას და განვითარებას.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ვანდალიზმს და ქალაქზე ძალადობას. გენგეგმის ჭრილშიც ჩვენ გვსურს შევქმნათ სამართლიანი თამაშის წესები, სადაც მოხერხდება როგორც ბიზნესის, ისე ქალაქის და მოსახლეობის ინტერესების დაბალანსება,“- დასძინა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა.