ახლადდაფუძნებული "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია" საკუთარ წევრებს ბანკებიდან კრედიტების აღებაში დაეხმარება.
ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ისაკაძის განმარტებით, ბიზნესგაერთიანებამ კომერციულ ბანკებთან გარკვეული წინასწარი სამუშაოები უკვე გასწია.
"ჩვენ არ ვართ კომერციული სტრუქტურა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ყველა საშუალო და მცირე მეწარმეს ვეხარებით ბიზნესგეგმის შედგენაში, ბანკებისთვის გაცილებით გაიოლებული იქნება ამ ტიპის ბიზნესების დაფინანსება. ხშირ შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესები სათანადოდ ვერ წარდგებიან ბანკებში შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილებით, რომ იოლად მიიღონ იაფი ფული. დღეისათვის ზოგადად ფულის მიღება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს", _ განუცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" გიორგი ისაკაძემ.
"საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში" წლის ბოლომდე 100 წევრის გაერთიანებას ელოდებიან, რომელებთანაც ასოციაციას მოლაპარაკებები უკვე აქვს.
"საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში" წევრობის საფასური დივერსიფიცირებულია და ის საშუალო ბიზნესისათვის წელიწადში 1000 ლარს შეადგენს, ხოლო მცირე ბიზნესისათვის ეს თანხა 200 ლარიდან 250 ლარამდეა.
ასოციაცია, რომელიც მსხვილი ბიზნესგაერთიანებების ხელმძღვანელთა ინიციატივით შექმნა, მიზანად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების დაცვასა და ლობირებას. ასევე, ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული პირობების შექმნის ხელშეწყობას და მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის მხრიდან აქტიური კომუნიკაციის დამყარებას სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და უშუალოდ საზოგადოებასთან. ასოციაციის დამფუძნებლები არიან "ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში" (AmCham), ხელმძღვანელი დევიდ ლი; "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" (BAG), ხელმძღვანელი გიორგი ჭირაქაძე; "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" (EUGBC), ხელმძღვანელი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი; "საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი" (ICC), ხელმძღვანელი ფადი ასლი და "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე.