საქალაქო სასამართლომ გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ლელა ქსოვრელისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.
ლელა ქსოვრელი ბრალს არ აღიარებს. საგამოძიებო უწყება ლელა ქსოვრელს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერის დარღვევას ედავება. მას ბრალის დადგენილება პროკურორებმა გუშინ ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში გააცნეს.
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს. დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად ამ დროისთვის დანიშნულია ექსპერტიზები.
ბავშვის დედა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ბავშვის მშობლები ამტკიცებენ, რომ პატარა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მეზობლები კი ოჯახში ხშირად მომხდარ ძალადობაზე საუბრობენ და გოგონას მკვლელობასაც არ გამორიცხავენ. მცირეწლოვანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვანის დედა ლ. ქ.