პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციის ბრალდებას, რომ უმრავლესობამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზეა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას მხარი არ დაუჭირა, „ფეისბუქით“ ეხმიანება.
ჩუგოშვილი წერს, რომ ეს სიცრუეა და ასეთი უღირსი და უმწიფარი გამოხტომები ოპოზიციასთან თანამშრომლობის ხალისს ნამდვილად არ აჩენს.
„ინიციატივის ავტორები არიან დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი. ანუ დელეგაციის უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატები თანაბრად არიან ინიციატორები; კომიტეტში, რომელშიც იხილებოდა ჩვენი წევრი არის ეკა ბესელია, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას; პოლიტიკურ ჯგუფში ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა უმრავლესობის ყველა დეპუტატმა; სესიაზე კენჭისყრის დროს გიორგი კანდელაკს არ ქონდა მონაწილეობის უფლება, სთხოვა ადგილის დათმობა ზვიად კვაჭანტირაძეს, რაზეც ის დათანხმდა და შედეგად გიორგი კანდელაკი სიტყვით გამოვიდა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო”, - წერს ჩუგოშვილი და აღნიშნავს, რომ დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე იმიტომ არ მონაწილეობდნენ, რომ დიმიტრს არ აქვს ხმის უფლება; ზვიად კვაჭანტირაძემ კი ეს უფლება გიორგი კანდელაკს დაუთმო;
„ ასევე მე, როგორც რეზოლუციის მხარდამჭრი, ვესწრებოდი კენჭისყრას. ამ რეზოლუციაზე სამი კენჭისყრა ჩატარდა, სამივეზე ბუნებრივია მხარი დავუჭირე, ორი ჩანს შედეგებში, ერთი არა. აპარატი მეუბნება რომ ხარვეზები ხდება ხოლმე რადგან თითოეული კენჭისყრა 3-4 წამის განმავლობაში გრძელდება და დამპირდნენ რომ ამ ხარვეზს გამოასწორებენ; ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როდესაც იმ საკითხზე რომელსაც თავად იცავ და რომლის ინიციატორი ხარ, ვიღაც გთხოვს თავის მართლებას, გისურვებთ ასე არავინ მოგექცეთ“, - წერს ჩუგოშვილი და „ევროპული საქართველოს“ წევრის დავით დარჩიაშვილის ბრალდებახ ეხმიანება.
„ახლა გავიგე დავით დარჩიაშვილს დაუწერია, ჩუგოშვილი საშოპინგოდ იყო წასულიო. ბატონო დავით, მე გეტყვით ვინ შოპინგობს ჩემს თვალწინ ორი წელია ბიუჯეტის ფულით, ეს არის დავით ბაქრაძე. მესამე წელია დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ და ბატონი დავითი 2-ჯერ მყავს თვალით ნანახი ასამბლეაში, მითუმეტეს რომ ბიუჯეტი არა მხოლოდ მისი, არამედ მისი დაცვის ხარჯებსაც იხდის, ეს ხდება წლიწადში ოთხჯერ 7 დღით, გთხოვთ დაითვალოთ რა უჯდება ეს ბიუჯეტს. რაც შემეხება მე და ჩემს დელეგაციას, ყველა ჩვენთაგანის სამუშაო დღე დილის 7 საათზე იწყება და ღამის 9 საათზე მთავრდება. ასე რომ საკუთარი წარსული გამოცდილებით და თავგადასავლებით ჩვენ ნუ განგვსჯით.
მეტი ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ, ვისაც საკითხი აინტერესებს აქ საკმარისზე მეტი ინფორმაციაა, ვისაც არ აინტერესებს, ახსნას ისედაც არ აქვს აზრი”, - წერს ჩუგოშვილი.