„ბატონი უგულავა გამოდის მიამიტი სახით, მინაბული თვალებით და საზოგადოებას ბოდიშს უხდის ჩემი განცხადებების გამო და არა იმის გამო, რაც თავად ჩაიდინა თბილისის და თბილისელების წინაშე”, აცხადებს დედაქალაქის მერი კახი კალაძე დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას ბოდიშზე, რომელიც ამ უკანასკნელმა კახი კალაძის გამონათქვამების გამო მოიხადა.
კალაძის თქმით, 2013 წელს გიგი უგულავამ გამოსცა სპეციალური აქტი, უვადო სპეცნებართვა და ვაკის პარკში კომპანიას მიეცა უფლება, ააშენოს 30-მეტრიანი შენობა-ნაგებობა.
„ეს არის დაახლოებით 8-9 სართულია, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. იყო ადამიანების ჯგუფი, ვინც რამდენიმე წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ამ მშენებლობას. მათ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო. იყო დავები სასამართლოშიც. სამწუხაროდ, ყველა სარჩელი წაგებულია, ანუ სპეცნებართვა ძალაშია დატოვებული, რაც ძალიან მძიმეა.
დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეთი ნებართვა არის გაცემული, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის ძალიან მძიმე იქნება. მოგვიწევს ამ მიმართულებით მუშაობა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა უკვე, რომელიც არის უგულავას მერობის დროინდელი”, აღნიშნა კალაძემ.