აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მიიღეს კანონი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ალიანსის დატოვების ერთპიროვნული გადაწყვეტილების უფლებას უზღუდავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კანონპროექტს მხარი 357-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 22 წინააღმდეგ წავიდა.
კონგრესს არ შეუძლია ფორმალურად აუკრძალოს ტრამპს ალიანსის დატოვება, თუმცა შეუძლია დაბლოკოს მისი დაფინანსება. მსგავსი ტაქტიკა კონგრესმა უკვე გამოიყენა, რათა ბარაკ ობამასთვის გუანტანამოს ციხის დახურვის ნება არ მიეცა.
დოკუმენტი საბოლოოდ დასამტკიცებელად გადაიგზავნება სენატში, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელების ხელთაა, შესაბამისად ამ დოკუმენტის საბოლოო ბედი ჯერ გაურკვეველია. მისი სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტის ყველა მცდელობა NATO-დან გამოსვლის ან მისი ბიუჯეტირების შემცირების შესახებ უარყოფილი იქნება.
დემოკრატების განცხადებით, რომელთა ინიცირებითაც მოხდა აღნიშნული კანონის მიღება, ისინი შეშფოთებულები იყვნენ რესპუბლიკელი პრეზიდენტის განცხადებებით სამხედრო ალიანსიდან შესაძლო გამოსვლის შესახებ.
The New York Times გასულ კვირას წერდა, 2018 წელს ტრამპმა რამდენჯერმა უთხრა თავის მრჩევლებს, რომ სურდა NATO-ს დატოვება.
დონალდ ტრამპმა საჯაროდაც გააკრიტიკა NATO-ს ლიდერები და მოუწოდა მათ სამხედრო დანახარჯების გაზრდისკენ.