ჩვენ გვინდა კიდევ უფრო განვავითაროთ პროგრამა „ერასმუს +“. საქართველოს უნივერსიტეტების 3 600 სტუდენტი უკვე მონაწილეობს ამ პროგრამაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების 2 000 სტუდენტთან ერთად - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟან-კლოდ იუნკერი შეეხო ასევე ვიზალიბერალიზაციის საკითხს და განაცხადა, "2017 წელს ჩვენ შემოვიღეთ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მოქალაქეები მასობრივად მოგზაურობენ ევროკავშირის ქვეყნებში. დღეისთვის უკვე 300 000- მა ქართველმა იმოგზაურა".
"მაკროფინანსური დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს, შენარჩუნდება იმავე დონეზე. ამას გარდა, მე და ქალბატონმა პრეზიდენტმა განვიხილეთ რამდენიმე თემა, რომელიც ქვეყნის შიდა საკითხებს ეხება. კერძოდ, სასამართლო სფეროში მიმდინარე რეფორმებს და ჩვენ სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ სახეზეა რეალური პროგრესი. მე დავუსვი კითხვები ქალბატონ პრეზიდენტს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭირო იქნება, რომ ჩვენ ყველა შესაძლო შემთხვევაში ხაზი გავუსვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობას", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა პრესკონფერენციაზე.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ამ მიმართულებით ქვეყანა წინ მიიწევს.
"უაღრესად მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ საქართველოს ახალ პრეზიდენტთან ერთად. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ქვეყნის გარეთ ბრიუსელში შედგა. ეს ნიშანდობლივია და გამოხატავს საქართველოს ნებას, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს. ეს არის ჟესტი, რომელსაც ჩვენ ორივე ხელით მივესალმებით, მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ მისწრაფებას, რადგან უკვე გარკევეული პერიოდია, კარგად ვხედავთ, რომ საქართველო წინ მიიწევს სწრაფად და დაჩქარებული ტემპებით და მე მქონდა შესაძლებლობა, მეთქვა საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც გასული წლის 21 ნოემბერს იყო ვიზიტით ჩვენთან, რომ საქართველოს მთავრობა, ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მთავრობაა, რომელთანაც ევროკომისიას ჰქონდა და მომავალშიც ექნება ერთობლივი შეკრება. ეს ვალდებულება მე ავიღე, როდესაც ვიზიტით ვიმყოფებოდი საქართველოში გასულ წელს. ჩვენ გვაქვს მეგობრული, ძმური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ამ დიდ ერზე. ჩვენ ვავითარებთ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას საქართველოსთან.
კერძოდ, ეკონომიკის სფეროში, ვინაიდან საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მაღალი ტემპებით იზრდება და ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული გავაგრძელოთ სვლა ამ გზაზე, ამ ორ ერთობას შორის დაახლოების გზაზე. ერთობაში ვგულისხმობ ევროკავშირს და არა საქართველოს, ეს ცალკე ქვეყანა და დიდი ერია", - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.