ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ივლისში ეწვევა. ამის შესახებ ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და დონალდ ტუსკი შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტუსკი მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ საერთაშოროსო კონფერენციაში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ - ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება.
„ჩვენ ვაპირებთ ვიზეიმოთ აღმოსავლეთის პარტნიორობა თქვენთან ერთად და, ასევე, ვგეგმავთ და ვფიქრობთ გვქონდეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბათუმში, რადგან ეს იქნება დრო, რომ გადავხედოთ, რას მივაღწიეთ და ჩვენ ბევრს მივაღწიეთ, და ვიფიქროთ, როგორ მოვახდინოთ გასული წლების მიღწევების კონსოლიდირება, მაგრამ, ასევე, დავიწყოთ ფიქრი ჩვენი პარტნიორობის ახალ პოლიტიკურ შინაარსითა და, ჩვენს სხვა ასოცირებულ წევრებთან, რეგიონთან ერთად - უამრავი მიმდინარე მოვლენაა ჩვენს რეგიონში, კავკასიაში, შავ ზღვაზე და გვჭირდება, რომ შავი ზღვა კვლავ ვაქციოთ თანამშრომლობის საშუალებად, ევროკავშირისა და ჩვენი კავკასიის რეგიონის დასაკავშირებლად, რომ ეს იყოს დამატებითი ფაქტორი სტაბილურობისთვის და არა დაუცველობისათვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ თანახმა ხართ დაესწროთ კონფერენციას ბათუმში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ევროკავშირის და ჩვენი პარტნიორების მაღალი დონის წარმომადგენლობა და ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მომავალი ურთიერთობებისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
დონალდ ტუსკმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევას ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების გასამკლავებლად.
„რეგიონული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საქართველოს მუდმივი, ძლიერი მხარდაჭერა აღმოსავლეთის პარტნიორობის მიმართ. მიმდინარე წელს, მოგვიანებით, ვიზეიმებთ მის ათ წლისთავს. ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ იმ პროგრესზე, რომელსაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ. მადლობას ვუხდი საქართველოს ამ წლისთავის აღსანიშნავად, 2019 წელს ბათუმში კონფერენციის გამართვის შეთავაზებისთვის. ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ კიდევ ერთხელ ვეწვევი საქართველოს ივლისში ამ კონფერენციაზე დასასწრებად. ქალბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით დასასრულს კიდევ ერთხელ გისურვოთ წარმატება თქვენს საქმიანობაში და ველი მომავალში თქვენთან თანამშრომლობას", - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.