იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შენობასთან აქცია - მართლმსაჯულების გადასარჩენად მიმდინარეობს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი პროტესტს გამოხატავენ ბოლო დროს სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების გამო. მათი განცხადებით, სასამართლო შეუქცევადად კარგავს რეპუტაციას და შანსს, რომ ახლო მომავალში მაინც მოიპოვოს რეალური დამოუკიდებლობა. უვადოდ ინიშნებიან მოსამართლეები, რომელთა მიმართ საზოგადოების ნდობა უკიდურესად დაბალია. მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ხელისუფლების მხარდაჭერისა და გატარებული არასწორი პოლიტიკის შედეგად, ახერხებს დაეპატრონოს მართლმსაჯულებას და მოუსპოს მას განვითარების შანსი.
„ხალხის პროტესტის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ლევან მურუსიძე უვადოდ დანიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. პარლამენტში განსახილველად კი წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, რომელიც ვიწრო ინტერესთა ჯგუფის მიერ არის შედგენილი.
საზოგადოებას კარგად ახსოვს და გამოუცდია პოლიტიზებული, კონტროლს დაქვემდებარებული სასამართლოს არსებობა, რომლის მძიმე შედეგებსაც ქვეყანა დღემდე იმკის.
სასამართლოს რეფორმირების არაერთი შანსი ხელიდან უკვე გავუშვით. თუმცა, ახლა გადამწყვეტი ეტაპია. ხელისუფლებამ და სასამართლო სისტემამ უნდა დაინახოს, რომ საზოგადოება ითხოვს დამოუკიდებელ სასამართლოს”, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გეგმავენ, გაესაუბრონ მოსამართლეობის 7 კანდიდატს.