დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლების წინასასამართლო სხდომა 14 მარტს გაიმართება. საქალაქო სასამართლომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა, ამ გადაწყვეტილებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ითხოვდა.
ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი 19 იანვარს წაუყენეს. შსს-ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, 16 აინვარს 20:30 საათზე მოხდა. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნი. დაშავებულია 8 ადამიანი. აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. კორსპუსის მცხოვრებლების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.