აჭარაში შპს "ლიფლუქსმა" სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი დაფნის გადამაუშავებელი საწარმო ააშენა. აღნიშნული საწარმო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან გიორგი ჯიბლაძესთან ერთად მოინახულა და მუშა პროცესს ადგილზე გაეცნო.
საწარმო წელიწადში 100-120 ტონა ნედლ დაფნის ფოთოლს ამუშავებს. შპს „ლიფლუქსში“ დასაქმებულია 21 ადამიანი. პროექტი განხორციელდა „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით.
პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა 60% -ია. პროექტის დაწყებიდან დღემდე დაფინანსება 418 ბენეფიციარმა მიიღო, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 8,461,806 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.