„გაზპრომთან“ დაკავშირებით საქართველოს მთავრობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრნა, მაია ცქიტიშვილმა, რომელიც ასევე ვიცე-პრემიერია.
ცქიტიშვილი ოპონენტებს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს.
„როგორც ვიცე პრემიერი და ამ მთავრობის წევრი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ჩვენ არც ერთხელ არ მიგვიღია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააზიანებდა. ასეთი სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ გვსმენია, უშუალოდ "გაზპრომთან" მიმართებაშიც და როგორც ვნახეთ, არც ერთხელ ჩვენ არ ავყოლილვართ არც კაბალურ პირობებს, არც განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ არ ვყოფილვართ არასდროს, ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებებს ვიღებთ ისე, როგორც ეს შეესაბამება, რა თქმა უნდა, კანონმდებლობას და რაც შეესაბამება, ჩვენს რწმენასაც“, - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.
"გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს გაუვიდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ჯერჯერობით მოლაპარაკებები რუსულ კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის არ დაწყებულა. მისივე თქმით, საქართველო არ აპირებს სატრანსპორტო ფუნქციაზე უარის თქმას.