დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაკენზი სმიტი თბილისში, დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი ტრაგედიას მიკრობლოგ "ტვიტერის" საშუალებით ეხმიანება.
"შეძრული ვარ თბილისში, ერთ ერთ საცხოვრებელ სახლში დატრიალებული ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს", - წერს ბრიტანეთის ელჩი "ტვიტერზე".
შეგახსენებთ, აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, 16 აინვარს 20:30 საათზე მოხდა. 8-სართულიან კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, დაზიანებულია 6 სართული. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნი. დაშავებულია 8 ადამიანი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. კორსპუსის მცხოვრებლების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ “ყაზტრანსგაზ თბილისის“ თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.