მიკერძოებული და არაობიექტური უწოდა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ.
რეზოლუციის კომენტირებისას, რომელშიც აღიარებულია აფხაზეთიდან და ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან დევნილი ადამიანების ქონებრივი უფლებები, ღვინჯია აცხადებს, რომ დოკუმენტის განხილვისას საქართველოს მხარდამჭერი სახელმწიფოების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია იმ სახელმწიფოების რაოდენობაზე, რომლებმაც ამ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა ან თავი შეიკავეს.
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დოკუმენტის მომზადებისას გამოყენებულია საერთაშორისო სამართლის ზოგადი ფორმულირებები, მაგალითად ისეთები, როგორიცაა - "დემოგრაფიული სიტუაციის ძალისმიერი მეთოდით შეცვლა", ჩვენ ასევე წინააღმდეგნი ვართ ამისა და მხარს ვუჭერთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც აცხადებს, რომ დაუშვებელია ძალისმიერი მეთოდებით დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლა. სწორედ ამიტომაც მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, კერძოდ კი გაეროს, დაგმონ რეჟიმი, რომელიც საქართველოში საბჭოურ ეპოქაში არსებობდა და რომლიც ძალისმიერი ქმედებებითაც იცვლებოდა დემოგრაფიული სიტუაცია აფხაზეთში", _ აცხადებს ღვინჯია.
მისი თქმით, "ქართველ დევნილებთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია შობილია იმ პოლიტიკური ცვლილებებით შეცვლილი დემოგრაფიული სიტუაციის გამო, რომელთაც მრავალი წლის განმავლობაში ატარებდა საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთთან მიმართებაში. ასე რომ, სრულიად სამართლიანი იქნება, თუკი გაერო ამგვარ ქმედებებს დაგმობს", _ აცხადებს ღვინჯია.
აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია მხოლოდ ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე აფხაზეთის აზრის გათვალისწინების გარეშე.
"ასე რომ, ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია არაპროდუქტიული და არაობიექტურია", _ დასძენს ღვინჯია.
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა "ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და დევნილის და მათი შთამომავლების უფლებები, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, საკუთარ სახლებში დაბრუნების თაობაზე".
ასამბლეაზე მიღებულ იქნა რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო, და ცხინვალის რეგიონიდან / სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ".
რეზოლუციაში გამოხატულია შეშფოთება კონფლიქტების შედეგად საქართველოში დემოგრაფიული სიტუაციის ძალისმიერი შეცვლის შესახებ.
ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ხაზგასმულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა ქონებრივი უფლებების დაცვის აუცილებლობა და აღნიშნულია მათი საკუთრების შეძენაზე თავის შეკავების შესახებ.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ გენერალური ასამბლეა დემოგრაფიული ვითარების ძალისმიერად შეცვლას დაუშვებლად მიიჩნევს.
კენჭისყრის მიხედვით რეზოლუციას მხარი დაუჭირა 50 სახელმწიფომ, წინააღმდეგ მისცა ხმა 17-მა, ხოლო 86-მა სახელმწიფომ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.