ამიერიდან საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებაზე "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" (GSMEA) იზრუნებს. ასოციაციის პრეზენტაცია 10 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ პალასში" შედგება. ასოციაცია მიზანად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების დაცვასა და ლობირებას. ასევე, ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული პირობების შექმნის ხელშეწყობას და მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის მხრიდან აქტიური კომუნიკაციის დამყარებას სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და უშუალოდ საზოგადოებასთან. ასოციაციის დამფუძნებლები არიან "ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში" (AmCham), ხელმძღვანელი დევიდ ლი; "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" (BAG), ხელმძღვანელი გიორგი ჭირაქაძე; "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" (EUGBC), ხელმძღვანელი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი; "საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი" (ICC), ხელმძღვანელი ფადი ასლი და "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე.