სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი სოსო ღუზარაული დააკავეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ღუზარაული იარაღით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი. ჩხრეკის შედეგად ხეობაში მდებარე ერთ-ერთი სახლიდან, სადაც ღუზარაული იმყოფებოდა, სამართალდამცავებმა იარაღი ამოიღეს. პოლიციამ დანაშაულში კიდევ ერთი ეჭვმიტანილის, ყოფილი სამხედრო ოფიცრის, გვარად ბათირიშვილის დაკავება ვერ შეძლო. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დროისთვის ძებნაშია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქეთი ჯანელიძე დაგვპირდა, რომ ინფორმაციას მოიძიებდა, თუმცა უშედეგოდ. დაპირების შემდეგ ჯანელიძე კახეთის საინფორმაციო ცენტრის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი პრესსამსახურის თანამშრომელს ირალი გურგენიძეს დაუკავშირდა. „თუ კომენტარის ან სხვა ინფორმაციის მიღება გინდათ, სამინისტროს წერილობით მომართეთ, ფოსტის საშუალებით. ჩვენთან ასეთი წესია", - აღნიშნა გურგენიძემ.
პანკისის ხეობაში რომ სპეცოპერაცია ნამდვილად ჩატარდა, ამას ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯარაფ ხანგოშვილიც ადასტურებს. „აქ ჰყოლია ღუზარაულს მეგობარი. იმასაც სამხედროში უმუშავია, ოფიცერი ყოფილა და ამბობენ, რომ ის ყიდდა იარაღს. იყვნენ მანქანებით ჩამოსულები, მაგრამ ვერ დაიჭირეს, დაიმალა", - განაცხადა ჯარაფ ხანგოშვილმა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ღუზარაული თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა დააკავეს და აღნიშნულ საქმეში პროკურატურა ჩართული არ არის.