გვაქვს ინფორმაცია, რომ „შავი სამყაროს“ წარმომადგენლები, ძმები გულორდავები ზუგდიდში, ფაიფურის უბანში გადაადგილდებიან და ახდენენ ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლას, იგივე ხდება წყნეთის საარჩევნო უბნებზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.
როგორც ბრიფინგზე ნადირაშვილმა აღნიშნა, პარტიის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები, ასევე ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებიც.
„მინდა გამოვკვეთო მთავარი პრობლემები, რომლებიც ამ დროისთვის არის. პირველი, ეს არის არჩევნების ერთ-ერთი მთავარი პრინციპის დარღვევა - ფარულობის დარღვევა. არაერთი უბნიდან "ევროპული საქართველოს" წევრებმა დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან ხდება ამომრჩევლებზე ზეწოლა, რომ ისინი გაშლილი ბიულეტენებით გამოვიდნენ საარჩევნო კაბინებიდან, რომ მათი გაკეთებული არჩევანის თაობაზე ინფორმირებული იყოს კომისიის წევრი "ქართული ოცნებიდან". მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ხელისუფლებას, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს და კომისიის წევრებს, ეს არის კანონის დარღვევა და არჩევნების მთავარი პრინციპის დარღვევა. ეს ქმედება არის დასჯადი. მინდა ვუთხრა მოქალაქეებს, რომ არავის არ აქვს უფლება, მათ მოკითხონ ინფორმაცია მათ მიერ გაკეთებული არჩევანის თაობაზე. გარდა ამისა, მეორე ფუნდამენტური პრობლემა ეს არის კრიმინალური სამყაროს მაღალი ჩართულობა. კონკრეტულად ზუგდიდიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ „შავი სამყაროს“ წარმომადგენლები, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ძმები გულორდავები ფაიფურის უბანში გადაადგილდებიან და ახდენენ ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლას. მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო კრიმინალურ სამყაროსთან შეკრულ ხელისუფლებას, ასეთი ფორმით ადამიანების ნების შეზღუდვა არის ასევე დანაშაული. იგივე ხდება წყნეთის საარჩევნო უბნებზე, სადაც მანქანებით არიან მობილიზებული „შავი სამყაროს“ წარმომადგენლები და ცდილობენ ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის მოხდენას. გარდა ამისა, გარდაბანში „ევროპული საქართველოს" წევრზე, ზულეიხა კაბიევაზე მოხდა ზეწოლა. ის არის ბაღის მასწავლებელი და საარჩევნო კომისიაში მას ემუქრებოდნენ, რომ აქტივობის შემთხვევაში, დაატოვებინებდნენ სამსახურს“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.