საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ბიძინა ივანიშვილის ხმით სატელეფონო ზარები კანონდარღვევა არ არის. ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა.
დღეს, ამომრჩევლების ნაწილმა სატელეფონო ნომრიდან „48“ მიიღეს აუდიო შეტყობინება, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველს მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ.
დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევენ. მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა. არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.არჩევნებს აკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 7. 26 პროცენტი პროცენტი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ საკუთარი ნება უკვე 255 251-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.