ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უფლება აქვს, ოფიციალური სიები აიღოს, მათ შორის, ფოტოსურათები საარჩევნო კომისიიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
მისი თქმით, უამრავი სპეკულაციაა, რითაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე აგრესიული ფონი ხელოვნურად იქმნება.
ის მედიასაშუალებებსა და ოპონენტებს მოუწოდებს, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოავლინონ და აგრესიულ ფონს ხელოვნურად ნუ შექმნიან.
„მინდა, ჩვენს კოორდინატორებს მობილიზაციისთვის მადლობა გადავუხადო. ეს მათი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უფლება აქვს, ოფიციალური სიები აიღოს, მათ შორის, ფოტოსურათები საარჩევნო კომისიიდან. პირად ნომრებზე არ ვსაუბრობ. არის სიები, რომელიც ყველა პოლიტიურ სუბიექტს აქვს. ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით „რუსთავი 2“-ს, აგრესიულ ფონს ხელოვნურად ნუ ქმნიან. ამ არჩევნებში აგრესიული ფონი არ არის. ნუ შეეცდებით, ასეთი ფონი ხელოვნურად შექმნათ. ამომრჩეველს იმის საშუალება უნდა მივცეთ, რომ ხმა მშვიდ გარემოში მისცეს. ეს თქვენი პასუხისმგებლობაცაა. უამრავი სპეკულაციაა, რომლითაც აგრესიული ფონი ხელოვნურად იქმნება. ყველას მოგიწოდებთ, რომ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოავლინოთ, მათ შორის, ეს არის კონკრეტული მედიასაშუალებების პასუხისმგებლობაც“, – განაცხადა კობახიძემ.