საარჩევნო უბნებზე დარღვევების მხრივ მძიმე მდგომარეობაა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა გურჯაანის რაიონში, სადაც ფაქტობრივად ფიზიკურად ძალადობენ პოლიციის ხელმძღვანელები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები.
„გურჯაანის სოფელ ჯანდარში გამოაძევეს ჩვენი წარმომადგენელი ანა რუაძე, რადგან ყველა უბანზე – 21, 26 , 27 უბნებზე დაფიქსირებული გვაქვს სისტემურად, რომ ადამიანებს აიძულებენ გამოსვლის შემდეგ გახსნან ბიულეტენი, ანუ ფარულობა დაარღვიონ, აჩვენონ, რომ მათ შემოხაზეს შესაბამისი კანდიდატი. მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ შტაბს, რომ დაანებონ კანონდარღვევებს თავი. მარნეულის 59-ე უბანზე იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, რომელიც აიძულებს ასევე ამომრჩეველს ღიად აჩვენოს ყველაფერი. დიდუბეში 29-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარე აძევებს საერთაშორისო დამკვირვებელს, რადგან უბნის ტერიტორიაზე აგიტაცია დააფიქსირა დამკვირვებელმა”, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე განცხდებით, ნაძალადევში „ქართული ოცნების“ კოორდინატორები დგანან სამაგიდო სიებით და ფოტოსურათებიანი სიებით ხელში.
„ფოტოსურათებიანი სიების გასაჯაროების უფლება მათ არ აქვთ. საარჩევნო უბნებზე მაგიდები ისე დგას, შეუძლებელია, დამკვირვებლის მხრიდან კონტროლი იმ მონაცემების, რაც არის საარჩევნო უბნებზე. მოვუწოდებთ თამარ ჟვანიას მისცეს შესაბამისი განკარგულება უბნებს, რომ ნუ ზღუდავენ დამკვირვებლების მოქმედებას საარჩევნო უბნებზე”, – აღნიშნა ვაშაძემ.