ეს არის დასაწყისი, მაგრამ მნიშვნელოვანი დასაწყისი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.
ბოკერიას თქმით, დღეს უნდა დასრულდეს არა თუ ერთპარტიული, არამედ ერთი პიროვნების, ოლიგარქის აბსოლუტური მმართველობა ქვეყანაში.
„მოლოდინი მაქვს, რომ დღეს უნდა იყოს მაღალი აქტიურობა. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დღეს არ წყდება იმის ბედი, ვინ გახდება პერსონალურად პრეზიდენტი, თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დღეს ჩვენ უნდა დავასრულოთ არათუ ერთპარტიული, არამედ ერთი პიროვნების, ოლიგარქის აბსოლუტური მმართველობა ქვეყანაში. დღეს არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს პირი, რომლის შეხედულებებიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და მომავალს. დღეს არ უნდა დავუშვათ ის, რომ ასე ცინიკურად და უტიფრად შეეძლოს ამ ერთ კაცს, ოლიგარქს, ივანიშვილს და მის გუნდს თქმა, რომ როგორც ჩვენ გვინდა ისე იქნება, ხალხის და მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ეს არის დასაწყისი, მაგრამ მნიშვნელოვანი დასაწყისი და ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდეს არჩევნებზე და და მისცეს ხმა ამ ყველაფრის დასრულებას“, - განაცხადა ბოკერიამ.