ქვეყანაში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს პრობლემად მიიჩნევს, დაახლოებით, სამიდან ერთი ადამიანი, ხოლო სიძულვილის ენას - ორიდან ერთი, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს მიერ წარმოდგენილ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც ეხება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციის მიმართ საზოგადოების განწყობასა და ინფორმირებულობას.
ანგარიში მოიცავს ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევის, სიღმისეული ინტერვიუებისა და ფოკუსჯგუფების შედეგებს, რომლებიც ჩატარდა 2018 წლის ივნისი- სექტემბრის პერიოდში.
რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის მსხვერპლები ყველაზე ხშირად ლგბტ ადამიანები არიან. ლგბტ თემის შემდეგ, ასევე ასახელებენ იეჰოვას მოწმეებს და მიგრანტებს ევროპის გარეთ ქვეყნებიდან.
„ზოგადად, უმცირესობებს შორის ყველაზე პოზიტიური განწყობა არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. შედარებით ნეგატიურია დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების, ევროპის გარეთ ქვეყნებიდან მიგრანტების და ლგბტ თემის მიმართ“, - ნათქვამია კვლევის ანგარიშში.
კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები საშუალოდ ინფორმირებულნი არიან დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ არსებული ეროვნული კანონმდებლობის შესახებ. 23% იცნობს კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. 23% ფიქრობს, რომ საქართველოში არსებობს დამატებითი სასჯელი დანაშაულისთვის, რომლის მიზეზიც ისაა, რომ მსხვერპლი რომელიმე უმცირესობის ჯგუფის წარმომადგენელია, მაშინ როდესაც 41% ფიქრობს, რომ მსგავსი დამატებითი სასჯელი არ არსებობს.
რაც შეეხება დარღვეული უფლებების აღმდგენ მექანიზმებს, ზოგადად, მოსახლეობის ნახევარმა იცის, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ან სიძულვილის ენის მსხვერპლს შეუძლია, მიმართოს პოლიციას, სასამართლოს და სახალხო დამცველის ოფისს.
კვლევაში წარმოდგენილია საზოგადოების აღქმა და ინფორმირებულობაისეთ საკითხებზე, როგორიცაა მრავალფეროვნება ქართულ საზოგადოებაში; უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის გავრცელების მასშტაბები ქართულ საზოგადოებაში და მათი გავლენა კონკრეტულ ჯგუფებზე; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ არსებული ეროვნული კანონმდებლობა; სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და მათი ეფექტიანობა; აღნიშნულ საკითხებზე სხვადასხვა აქტორის მუშაობა.
პროექტი „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ ხორციელდება. პროექტი ოფიციალურად 2018 წლის ივნისში დაიწყო და გაგრძელდება 2021 წლის დეკემბრამდე.
კვლევა ჩატარდა CRRC საქართველოს მიერ პროექტისთვის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში.“