საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილის განცხადებით, ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე დედა-შვილს ეძებენ.
მისი თქმით, სამაშველო ჯგუფები ადგილზე დილიდან მუშაობენ.
„ჩვენი საუკეთესო სამაშველო ჯგუფები, დაახლოებით 30-მდე ადამიანი ჩართულია სამაშველო ღონისძიებებში. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც დარჩენილი არიან. დაზიანებულია კორპუსის მზიდი კედლები, სარისკოა მუშაობა და დიდი სიფრთხილით მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება. საკმაოდ სწრაფად მოხდა რეაგირება, სწრაფად განხორციელდა ევაკუაცია, რითიც თავიდან ავიცილეთ დიდი მსხვერპლი”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ კორპუსის რამდენიმე სართული მთლიანად არის ჩანგრეული და ფრთხილად მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გათავისუფლება.
ცნობისთვის, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა.