აქციის გამართვის უფლება არის გამოხატვის და შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც კონსტიტუციით არის გარანტირებული, მისი ხელშეწყობა და სახელმწიფოს მხრიდან ყველა წინაპირობის შექმნა რომ აუცილებელია ყველამ ვიცით, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც ბევრი ვიბრძოლეთ ამ უფლებისთვის და ამ თავისუფლების ფასი კარგად ვიცით, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ გამოხატვის და შეკრების უფლება არ არის აბსოლუტური და ის შეიძლება შეიზღუდოს ცალკეულ შემთხვევებში, სწორედ ამ შეზღუდვის პროპორციულობაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებენ და ამბობენ, რომ მათ კონკრეტული ონფორმაცია აქვთ, რომელიც შეიძლება იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი.
„ერთი მხრივ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ გამოხატვის უფლება ჰქონდეს ყველა ადამიანს, ეს იქნება შვილმკვდარი მამა, თუ ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე, ვისაც რამე პროტესტი აქვს. თუმცა, მეორე მხრივ, თუკი მოხდება ამ უფლების შეზღუდვა, შესაბამისად გაკეთდება განმარტებები, რაც საზოგადოების უსაფრთხოების და დაცვისთვის იქნება საჭირო. სააპელაციო სასამართლოში უკვე დაწყებულია ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის განხილვა, ეს ეხება სწორედ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს და გამოტანილი განაჩენის გადახედვა დაიწყო სააპელაციო სასამართლომ. მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს ყოველგვარი მიკერძოების გარეშე. პოლიტიკური ორგანი - პარლამენტი ვერავის ვერ დაიჭერს და ვერ გაათავისუფლებს, ამიტომ უნდა გავმიჯნოთ ხელისუფლების შტოების ვალდებულებები. მართლმსაჯულება უნდა აღასრულოს სასამართლომ. სასამართლომ უნდა თქვას, იყო თუ არა სწორი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ვინ არის უშუალო დამნაშავე და ვინ არა. ჩვენი, როგორც პოლიტიკური ორგანოს ვალდებულებაა საკანონმდებლო პროცესშიც აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და არა სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლი განვახორციელოთ. ამიტომ პოლიტიკური პროცესი მართლმსაჯულების პროცესისგან უნდა გაიმიჯნოს“, - განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა ვიძალადოთ იმ სამართალდამცავ ორგანოთა წარმოამდგენლებზე, ვინც იცავს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას.
„ჩვენ წლები ვიბრძოდით რომ სააკაშვილის რეჟიმი შეცვლილიყო. ბევრი აქცია და საპროტესტო გამოსვლა გამოვიარეთ. მაშინ გაცილებით მეტი ადამიანი გამოდიოდა და ყველა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იყო. მაშინ სამართალი მართლაც ჩვენ მხარეს იყო, მაგრამ ჩვენ პოლიციელებს თავში არ ვურტყამდით, არ ვძალადობდით, ჩვენზე ძალადობდნენ, ჩვენ გვარბევდნენ. საპასუხო ძალადობაზეც კი არ გადავდიოდით. დიახ, გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა ვიძალადოთ იმ სამართალდამცავ ორგანოთა წარმოამდგენლებზე, ვინც იცავს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას. კონსტიტუციური უფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ ის ყველამ უნდა დაიცვას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია“, - აღნიშნა ბესელიამ.