ნატო-ს გაფართოებამ დაგვანახა ისტორიულად, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოება და სტაბილურობა მოაქვს იმ ქვეყნებში და იმ რეგიონებში, რა მიმართულებითაც ნატო ფართოვდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე -12 კონფერენციის ფარგლებში გამართული მესამე პანელის - „ევროატლანტიკური საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევები - ცვალებად უსაფრთხოების გარემოსთან ადაპტირება" შეფასებისას განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე და ამ გზაზე არსებულ პროგრესზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში და მის მნიშვნელოვან კონტრიბუციას ნატო-ს მისიებში.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ამ მჭიდრო პრაქტიკული თანამშრომლობის პარალელურად, პოლიტიკური ინტეგრაციის მიმართულებით შემდგომი წინსვლის მნიშვნელობაზე: „ჩემს გამოსვლაში, ხაზი გავუსვი მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობას რაც საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებობს, იმ კონტრიბუციას, რასაც საქართველო ახორციელებს გამოწვევების დაძლევის მიმართულებით, მაგრამ ასევე ვისაუბრე იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ ძალიან კარგ პრაქტიკულ თანამშრომლობას თან ახლდეს წინსვლა პოლიტიკური ინტეგრაციის მიმართულებით"- განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
კონფერენციის ფარგლებში გამართულ მესამე პანელზე მომხსენებლებს შორის ასევე იყვნენ ლიეტუვას რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს ემრე ყარაოსმანოღლუ და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორი ნიკ გური.
ბოლო 12 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია" რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილება. კონფერენციას 300-მდე მონაწილე ესწრება, მათ შორის არიან მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კონფერენციის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი, ჯეიმსთაუნის ფონდი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია (The Munich Security Conference), ხოლო კონფერენციის სპონსორები - იდენო (IDENO), თალესი (THALES) და ზენ ტექნოლოგიები (ZEN Techonologies).