მინდა მოგიწოდოთ ყველას, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ მეორე ტურში, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მისასალმებელია და დემოკრატიულობის მაჩვენებელია ის, რომ ძალიან აქტიური და კონკურენტული არჩევნები იყო.
„ეს გამოიხატა იმაშიც, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნების მეორე ტური. მინდა მოგიწოდოთ ყველას, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ მეორე ტურში. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი დემოკრატიული პროცესისათვის. ქართველი ამომრჩეველის განცდა, რომ ის არის განმაპირობებელი პოლიტიკური ინსტიტუტების და განმაპირობებელი პოლიტიკური ძალების წარმატებისა თუ მარცხის, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ამ არჩევნებზე.
ძალაუფლების წყარო საქართველოში არის ხალხი. თქვენ ამას გრძნობთ და არავის უნდა დაეზაროს საკუთარი პოზიციის გამოხატვა და დაფიქსირება. ასევე მინდა გავიმეორო ის, რაზეც აქამდეც ვაკეთებდი ხაზგასმას და ეს არის თხოვნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და მოლოდინი ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ - მეორე ტური ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. უაღრესად მნიშვნელოვანია იგივე მოცულობით, იგივე სკურპულოზურობით, იგივე ინტენსივობით იყოს სადამკვირვებლო მისიები წარმოდგენილი მეორე ტურის არჩევნების დროს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.