მე მათ 5 წელი ვეუბნებოდი, „ქართულ ოცნებას“ რა იყო სწორი პოლიტიკური ნაბიჯი, თუმცა ამის საპასუხოდ მესმოდა მხოლოდ კრიტიკა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტის კითხვასთან დაკავშირებით განაცხადა, თუ რა გზავნილი მიიღო მმართველმა გუნდმა 28 ოქტომბერს არჩევნების შედეგების მიხედვით საზოგადოებისგან.
მისი თქმით, ის აღარ აპირებს, ხელისუფლებას საზოგადოების გზავნილები გაუშიფროს და სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებზე მიუთითოს, რადგან ამას 5 წლის განმავლობაში აკეთებდა.
„მე ეს მისია მიმთავრდება და დავამთავრე, ახლა თვითონ შეძლონ და წაიკითხონ ის გზავნილები, რომელიც მათ მისცა ქართულმა საზოგადოებამ.
5 წელი ამას ვაკეთებდი, სადაც იყო შეცდომები ვეუბნებოდი, თუმცა 5 წლის განმავლობაში მხოლოდ კრიტიკა მესმოდა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა, მას რომ მიეღო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, იქნებოდა თუ არა იგივე შედეგი, რაზეც მარგველაშვილმა განაცადა, რომ ეს მხოლოდ ჰიპოთეტური მსჯელობის საგანია და მხოლოდ წარსულის მაგალითზე შეუძლია საუბარი.
„ჩემს შემთხვევაში არის რეალური წარსულიც. 2013 წელს "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ნახევარი ფინანსური რესურსით, რაც დღეს დახარჯა ქართულმა ოცნებამ, ნახევარზე ნაკლებით, იმ ფონზე, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, არცერთი გამგეობა, ჩვენ არ გვეკუთვნოდა, ისე კი არ იყო როგორც ახლაა, როცა ყველა რაიონული სტრუქტურა „ქართული ოცნების“ ხელშია, ნახევარი ფინანსებით ჩვენ დავდეთ შედეგი, რომელიც ყველასთვის ცნობილია 62%“, - დასძინა პრეზიდენტმა.