ჩვენ ქართული საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენს შეცდომებზე და იმაზე, რა კონკრეტული მოლოდინები აქვს ჩვენს საზოგადოებას იმ კონკრეტულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც მათ აწუხებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინზე ბახტაძემ აღნიშნა, არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში ბევრი რამ არის შესაცვლელი.
მამუკა ბახტაძემ მოქალაქეებს, რომლებმაც მათ მხარდაჭერილ კანდიდატს მისცეს ხმა, მადლობა გადაუხადა.
მან მეორე ტურზეც ისაუბრა.
"პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, რასაც ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები. ეს 2012 წლიდან, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ტრადიციად იქცა და ეს არის სწორედ ქართველი ხალხის მონაპოვარი.
მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, ჩვენს მოქალაქეებს აქტივობისთვის.
მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას, მის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებმაც ეს არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით ჩაატარეს.
ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, რომლებიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილი ამ არჩევნებზე. ბევრ მათგანთან მე პირადად მქონდა საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია. მისასალმებელია, რომ მათი დასკვნები პოზიტიურია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში არჩევნების სტანდარტის მაღალ ხარისხს.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მომხრეებს, ჩვენს აქტივისტებს, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის მხარდასაჭერად. თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის.
მადლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომლებმაც უზრუნველყვეს საზოგადოებრივი წესრიგი როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ამასთან, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენს შეცდომებზე და იმაზე, თუ რა კონკრეტული მოლოდინები აქვს ჩვენს საზოგადოებას იმ კონკრეტულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც მათ აწუხებთ, აწუხებს მათ ოჯახებს. ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა, რომ ამავე დროს ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია უმოკლეს დროში. საზოგადოების ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია.
შესაბამისად, მეორე ტურში უზრუნველვყოფთ ერთსულოვნებას, მათ შორის, ჩვენი იმ მხარდამჭერებისას, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიიღეს მონაწილეობა გუშინდელ არჩევნებში. მეორე ტურში, ყველა ჩვენ ერთად აღვნიშნავთ იმ ღირებულებებისა და ფასეულობის გამარჯვებას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით.
ჩვენი სამშობლოს ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს მხოლოდ ქართველი ერი და ეს არჩევანი აუცილებლად იქნება საწინდარი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, აღმშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის, შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების, ისეთის, როგორიც ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, ისტორიას და მომავალს", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.