კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გუშინ, რეალურად, უზარმაზარი გარდატეხა მოხდა ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დააყენა ქვეყანა ძალიან მძიმე რეალობის წინაშე და მან ეს უნდა გაითავისოს და უნდა ხვდებოდეს.
„ამ პროცესებმა მე დამანახა ის, რაზეც ვლაპარაკობდი 2012 წლიდან, უფრო 2013 წლიდან მოყოლებული. რაზეც ვაფრთხილებდი ბიძინა ივანიშვილს. მე ერთი შეკითხვა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან, ახლა თუ ხვდება, რა გააკეთა, როდესაც ლაპარაკობდა შუას გაკრეფაზე, როდესაც იწყებდა კოჰაბიტაციას, როდესაც მე არჩევნები გამიყალბა 2013 წელს. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებამ დღეს გადაახდევინა ბიძინა ივანიშვილს ფასი იმ დამარცხებით, რომელიც მან იწვნია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.