ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის 3 705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3 692+11 უბანი, რაც საერთო რაოდენობის 99.95%-ია.
უბნების მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 615 403 ხმა აქვს, რაც ხმათა 38.63 პროცენტს შეადგენს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 601 175 (37.74 პროცენტი).
მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე 174 699 ხმით, რაც ხმათა საერთო რაოდენობის 10.97 პროცენტს შეადგენს.
დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა ოთხ პროცენტზე ნაკლები მოაგროვეს.
ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რომელთა უმრავლესობაზეც, ჟვანიას თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ადგილზევე მოახდინა მყისიერი რეაგირება.
„ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 3 518 877, რომელშიც ასევე შედიოდნენ საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთის მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქე.
28 ოქტომბრის 20:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74%. წინასწარი შედეგებით, ამ დროისთვის დათვლილია 3703 უბნის მონაცემი, რაც წარმოადგენს თითქმის უბნების 100%-ს“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.