სამასამდე საარჩევნო უბნის მონაცემებით, ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, რა თქმა უნდა, პარტია ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ელოდება და მანამდე კატეგორიული განცხადებებისგან თავს იკავებენ.
„3700-ზე მეტი უბანია ქვეყნის მასშტაბით და აქედან დაახლოებით 300-მდე უბნის მონაცემები გვაქვს, სადაც დამაჯერებლად ლიდერობს ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
რა თქმა უნდა ჩვენ ველოდებით, ცესკოს შედეგებს, მანამდე რაიმე კატეგორიული განცხადებისგან იცით და უკვე განვაცხადეთ, რომ თავს ვიკავებთ.
ამ ეტაპზე მე მინდა რამდენიმე დეტალზე და რამდენიმე ახალ ინფორმაციაზე გავამახვილო ყურადღება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ტყუილებზე.
პირველი, თქვენ იცით რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშრებით აკეთებდნენ განცხადებებს, ავრცელებდნენ კონკრეტულ ვიდეოებს, ერთ-ერთ შემთხვევაში, მაგალითისათვის, რაც უკვე გამოვიკვლიეთ და დადასტურებულად შეგვიძლია გითხრათ, სხვათაშორის აღნიშნულის დამადასტურებელი ინტერვიუები უკვე გავიდა რამდენიმე არხზე, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როდესაც ქალბატონი თვითონ ამბობს იმას, რასაც მე ეხლა მოგახსენებთ.
გურჯაანის მე-12 ოლქის მეორე უბანზე, რუსთავი-2 მთელი დღის განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ დაფიქსირდა ფულის გადაცემის, ანუ მოსყიდვის სავარაუდო ფაქტი, როდესაც ქალბატონი, რომელიც ჩაწერეს ჟურნალისტებმა, თავადვე ადასტურებდა ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციითაც, ის წარმოადგენს ევროპული საქართველოს მხარდამჭერს.
შემდეგი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ უკვე სამი დღის განმავლობაში, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გვაუწყებს, რომ მათ მოიგეს ავღანეთში მდებარე უბანი. საუბარია საჯარისო ნაწილებზე და იქ განთავსებულ ორ უბანზე. მინდა მოგახსენოთ შედეგები ამასთან დაკავშირებით, პირველი ინფორმაცია უკვე იქიდან გვაქვს ჩვენი წარმომადგენლებისგან.
ერთ უბანზე - 334 სალომე ზურაბიშვილი, 216 - ვაშაძე, 76 - ბაქრაძე; მეორე უბანზე - 63 - სალომე ზურაბიშვილი, 43 ხმა - ვაშაძე , 8 ხმა დავით ბაქრაძე.
ასე, რომ ორივე უბანზე პირველივე ტურში გამარჯვებული არის სალომე ზურაბიშვილი. ტყუილს ამ შემთხვევაშიც აღმოაჩნდა მოკლე ფეხები. ჩვენ ველოდებით ცესკოს შედეგებს, პარალელურად ჩვენ შემოგვდის პარტიაში ჩვენი წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაცია“, - განაცხადა მდინარაძემ.