„გამოქვეყნდა სამარცხვინო ფალსიფიცირებული ეგზიტპოლები სამივე პოლიტიკური ძალის მიერ, რომელიც ერთი პოლიტიკური მამის შვილები არიან, რომელთა ზნეობა არ იცვლება, რომელთა ღმერთი არის მწვანე დოლარი,“- ეს განცხადება, „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლებს უნდობლობას უცხადებს. ნათელაშვილმა ამერიკულ კვლევით ორგანიზაცია Edison Research-ს უსინდისო უწოდა.
„მინდა სულით და გულით უდიდესი მადლობა გადავუხადო ათეულ ათასობით ამომრჩეველს, რომელიც დღეს მოვიდნენ უბნებზე და მხარი დაგვიჭირეს სრულიად უანგაროდ, ერთი თეთრის გარეშე,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლების პირველადი შედეგი ცნობილია. კვლევითმა ორგანიზაციამ Edison Research-მა ეგზიტპოლები „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩაატარა.
დღის ოთხი საათისთვის არსებული მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძესა და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 40-40% აქვთ. პასუხების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.