ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცით, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 46,74 % შეადგინა, რაც 1 637 956 ამომრჩეველია.
20:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46.74%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში - 64.74 %, ხოლო ყველაზე დაბალი მარნეულში - 36.47%. რაც შეეხება თბილისს, საღამოს 20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 45.4%-ს. ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემი რომ შევადაროთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების მონაცემს, 2013 წელს აქტივობამ 46.6% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა“, - განაცხადა პრესპიკერმა ანა მიქელაძემ.
28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტი აირჩიეს. არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა. არჩევნებს აკვირდებოდა საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებდა. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაცია იყო.