რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის „ევროპული საქართველო“ იბრძოდა გამარჯვებისთვის და ყოველთვის სამწუხაროა, როცა ვერ იმარჯვებ და ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები ადასტურებს ამას. მაგრამ ჩვენ გვქონდა და გვაქვს დიდი ეროვნული ამოცანები და დიდი ეროვნული ამოცანა იყო ივანიშვილის გუნდის ამ სამარცხვინო და ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის საშიში კანდიდატის გამარჯვების არ დაშვება, – ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, ეგზიტპოლები მიუთითებს, რომ მინიმუმ პირველ ტურში, ეს ამოცანა არის მიღწეული.
„მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს ამ შედეგში შეტანილი წვლილისთვის, მაგრამ ჯერ ადრეა რამე ზეიმზე ლაპარაკი და ამით კმაყოფილება. არ ვსაუბრობ ჩვენს პერსონალურ შედეგზე, ვგულისხმობ მთლიანი საზოგადოების ამოცანას. დასაცავი გვაქვს ის ხმები, რასაც ეგზიტპოლი ასახავს.
ეს ხმები უნდა დავიცვათ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვიცით, მმართველი გუნდის პოლიტიკურად უტიფარი განაცხადი, რომ პირველ ტურში იმარჯვებენ. ეს გულისხმობს იმას, რომ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად კონცენტრირებული და მშვიდად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე დავიცვათ ის ხმები, რომლებიც მიიღო მთლიანად ოპოზიციამ. პირველ რიგში, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებს მივმართავ, აღარ აქვს ახლა მნიშვნელობა, ჩვენ ვიბრძოდით გამარჯვებისთვის, მაგრამ ახლა გვაქვს ეს სურათი, რაც გვაქვს, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები, მთელი ოპოზიციისა და საერთოდ ყველა ყველა მოქალაქის ხმა.
უნდა ავსახოთ რეალური სურათი იმ უსამართლო თამაშის წესების მიუხედავად, რა შედეგიც დადგა. ახლა მთავარი ამოცანაა ივანიშვილის გუნდსა და ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დემოკრატიული და მშვიდობიანი არჩევნების მეორე ტურშიც საბოლოო მარცხი ვაწვნიოთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.