ყველა ამ დრომდე არსებული მონაცემებით გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძე გამარჯვებულია და ამ გამარჯვებას ბოლომდე დავიცავთ, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აგონიაში მყოფი ხელისუფლება შეეცდება, რომ მანიპულაციებით კორექტირება შეიტანოს არჩვენების შედეგებში, თუმცა მისი თქმით, ისინი არ მისცემენ არავის საშუალებას, რომ ამომრჩევლის ხმები მოიპაროს ან გააყალბოს.
მისივე თქმით, მასობრივად დაიწყო საარჩევნო უბნებზე ხალხის შეშვება მარკირების გარეშე. მან ასევე აღნიშნა, რომ საბერძნეთში გრიგოლ ვაშაძისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცათ.
„თბილისის 133-ე საშუალო სკოლაში 47-ე საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების წევრები საუბრობენ ამომრჩევლისთვის გადასაცემი ფულის დათვლაზე, ამის ვიდეომასალა არსებობს. ბოლნისში სოფელ დარბაზში 27-ე საარჩევნო უბანზე პროვოკაციებს აწყობენ, უნდათ უბნის ჩაშლა, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები უბნიდან გამოაგდეს. ყვარლის მე-19 უბანი, სოფელი გავაზი - იყო მისული ქალაქის მერი, ის ეწეოდა აგიტაციას და ახდენდა ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას“, - განაცხადა უდუმაშვილმა.