საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომელმაც ხმა ვაკის მე-2 ოლქის №16 საარჩევნო უბანზე მისცა.
მინისტრის განმარტებით, მან ხმა საქართველოს ევროპულ არჩევანს, დემოკრატიულ განვითარებასა და სტაბილურობას მისცა. მან ხაზი გაუსვა პრეზიდენტის პირდაპირი წესით ბოლო არჩევნების დემოკრატიულ და გამჭირვალე გარემოში ჩატარების მნიშვნელობას.
„ჩვენ ყველა პირობა შევქმენით გამჭირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის, ჩვენი უწყების მიერ მოპატიჟებული არიან ქვეყანაში უპრეცედენტოდ მაღალი დონის საერთაშორისო დამკვირვებლები და მისიები, მათ შორის უმთავრესი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ეუთო, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭო, აგრეთვე სხვადასხვა საერთაშორისო და საპარლამენტო დელეგაციები.“
დავით ზალკალიანი დარწმუნებულია რომ მიმდინარე არჩევნებსაც ისეთი დადებითი და მაღალი შეფასებები ექნება, როგორიც წინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა დაიმსახურეს.
„აქვე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს 39 ქვეყანაში გახსნილია 56 საარჩევნო უბანი და საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან საკონსულო აღრიცხვაზე საშუალება აქვთ გააკეთონ თავისი არჩევანი“ - განაცხადა მედიასთან კომენტარისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.