დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნებს კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში აკვირდებიან.
ცენტრის მონიტორები მუშაობენ საგარეჯოს და მარნეულის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ - პანსკისის ხოებაში და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.
საარჩევნო დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად გამოქვეყნდება ორგანიზაციის ინტერნეტ-გაზეთში - www.humanrights.ge ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდება სხვადასხვა მედიასაშუალებებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი დღეს ორ ბრიფინგს გამართავს საარჩევნო მედიაცენტრში - 15:30 და 20:00 საათზე.
ადამიანის უფლებათა ცენტრი, მონიტორინგის გზით, შეაფასებს საქართველოს საარჩევნო პროცესის შესაბამისობას საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და შერჩეულ საარჩევნო უბნებში უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას.
არჩევნების შემდეგ, საარჩევნო პროცესის დაკვირვებისას აღმოჩენილ დარღვევებზე და სხვა მიგნებებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოაქვეყნებს ორენოვან ანგარიშს. მასში დასკვნის სახით შევა რეკომენდაციები როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე საქართველოს პარლამენტისა და შესაბამის უწყებების მიმართ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტრორინგს ახორციელებს პროექტით - „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების მონიტორინგი საქართველოში“. პროექტს მხარს უჭერს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი.