რადგან სხვა კანდიდატებმა უკვე მისცეს ხმა, გაბრწყინებულ ივერიას, ნათელ მომავალსა და უღრუბლო ცას, მე მივეცი ხმა გირჩის კანდიდატს ზურა ჯაფარიძეს ანუ შემოვხაზე საკუთარი თავი, - ამის შესახებ "გირჩის" საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამით მან მხარი დაუჭირა ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას.
"რადგან სხვა კანდიდატებმა უკვე მისცეს ხმა, გაბრწყინებულ ივერიას, ნათელ მომავალსა და უღრუბლო ცას, მე მივეცი ხმა გირჩის კანდიდატს ზურა ჯაფარიძეს ანუ შემოვხაზე საკუთარი თავი და ამით მხარი დავუჭირე თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას ამ ქვეყანაში. ახლა რაღაც რეგულაცია დავარღვიე, მაგრამ მკიდია. ჩემს თავს მივეცი ხმა, თუ ვინმეს ეგონა, რომ სხვას შემოვხაზავდი - არა", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 1-ლი დეკემბრისა.