„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და დაუბრკოლებლად დაკვირვების საშუალება მიეცათ. თუმცა, რამდენიმე შემთხვევაში დაფიქსირდა დაკვირვებისთვის ხელის შეშლის ფაქტები. ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებელზე ზეწოლის მცდელობას.
ორგანიზაციის ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, მაგრამ ცალკეულ უბნებზე ადგილი ჰქონდა წილისყრისა და დოკუმენტების წარმოების წესის დარღვევებს.
"განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საარჩევნო უბნებთან პარტიული აქტივისტების და ე.წ. „კოორდინატორების“ მობილიზება რომლებიც ამომრჩევლებს საუბნო კომისიებში შესვლამდე ხვდებიან და მათ ხელთ არსებულ სიებში აღრიცხავენ. ადგილი აქვს არასათანადო კომუნიკაციის ფაქტებს, მათ შორის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს პარტიული აქტივისტების მხრიდან აგიტაციისა და მოსული ამომრჩევლებისთვის მხარდამჭერების მოყვანის დავალების შემთხვევები. ცალკეულ უბნებზე, მსგავსი მეთოდებით მოქმედებენ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მოწმობის მქონე პირებიც. აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩეველზე ზეწოლა და მისი ნების კონტროლს, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტებსა და კანდიდატებს, ასევე სხვა ორგანიზაციებს ვინც მსგავს პრაქტიკას მიმართავს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საარჩევნო უბნების წინ ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მცდელობები", აცხადებენ "სამართლიან არჩევნებში".
ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 21 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში 9 საჩივარი.