საქართველოს ისტორიაში 28 ოქტომბერს არჩევნები მეორედ ტარდება - 1990 წელს და 2018 წელს.
1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა.
1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს ერქვა "საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები" (ამოღებულია სსრ) და არა - "საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნები", რაც მიღწეული იყო ეროვნული ძალების მიერ მრავალდღიანი აქციების შედეგად.
უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა პოლიტიკურმა ბლოკმა, სახელწოდებით "მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო".
საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები იყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩატარებული პირველი დემოკრატიული, მრავალპარტიული, თავისუფალი არჩევნები, რომლის მონიტორინგს მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს ასობით მეთვალყურე ეწეოდა.
მეორედ, არჩევნები დღეს, 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება. საქართველოს მოსახლეობამ მე-5 პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. საქართველოს მოქალაქეები საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევენ. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 25 პირი დაარეგისტრირა პრეზიდენტობის კანდიდატად.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.