ამომრჩეველმა გაიტანა ბიულეტენი სამგორის #78 უბნიდან, რაც დარღვევაა. ამასთან დაკავშირებით კომისიის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა: „არა უშავს, დანაკლისში გავუშვათო", - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საარჩევნო კოდექსის 63-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, „საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა. კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის შენობიდან მისი თვითნებური გატანა, წაღება ან განადგურება“. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.
საია-ს ინფორმაციით, ბორჯომის #8 უბანზე ადგილი ჰქონდა აგიტაციას საარჩევნო უბანზე, რაც დარღვევაა. ადგილობრივი დამკვირვებლები ივანე ზედგინიძე და საბა ღონღაძე ორგანიზაციიდან „ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის“ სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო სიმბოლიკით გამოცხადდნენ უბანზე. კომისიის თავმჯდომარემ ორივე მათგანს უბანი დაატოვებინა. დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის სიმბოლიკიანი ჟილეტები მათ „ქართული ოცნების“ ოფისში მისცეს. საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის 11-ე პუნქტის თანახმად, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.