ქობულეთში, სოფელ წყავროკაში #32 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურა დროებით შეჩერებულია.
"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, ბეჭდური ხარვეზი დაფიქსირდა ბიულეტენზე, სადაც ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატის, კონკრეტულად კი, გიორგი ანდრიაძის საარჩევნო ნომერი ნაწილობრივ წაშლილია.
ამ დროისთვის, ადგილზე იმყოფებიან ოლქის წარმომადგენლები და მალევე გაირკვევა, გაგრძელდება თუ არა კენჭისყრა ამ კონკრეტულ უბანზე.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 1 დეკემბრისა.