28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები 6 წლის ვადით აირჩევენ პრეზიდენტს.
არჩევნებში მონაწილეობს პრეზიდენტობის 25 კანდიდატი, მათ შორის 19 - პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.
ცენტრალური საარჩვენო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი.
ორი საარჩევნო უბანი გახსნილი იყო ავღანეთში იქ მოსამსახურე ქართველი სამხედროებისთვის, სადაც უკვე ჩატარდა კენჭისყრა და აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ოქტომბერს საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ.
28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა.