საკონსტიტუციო კომისიის წევრები აცხადებენ, რომ დღეს მოქმედ კონსტიტუციაში უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით საკმარისი ნორმებია ჩადებული და მისი შეცვლა არ არის საჭირო. ეს განცხადებები დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან განხილვისას გაკეთდა, რომლებიც უმცირესობების საკითხზე მუშაობენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კი მთავარი შეკითხვა ეხებოდა სწორედ იმას, თუ რატომ არ არის პროექტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცვლილებები გათვალისწინებული.
ეს საკითხი დაისვა როგორც გერმანელთა სათვისტომოს წარმომადგენლის მხრიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" მხრიდან. საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა განმარტეს, რომ ამ საკითხს დღეს მოქმედი კონსტიტუცია ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით არეგულირებს და დამატებითი ცვლილებების განხორციელება საჭირო არ არის.
როგორც თენგიზ შარმანაშვილმა განმარტა, მომავალში, თუკი საჭირო გახდება, ცვლილებების შეტანა პრობლემა არ იქნება.
კონსტიტუციის პროექტის თანახმად, კონსტიტუციის გადასინჯვის წესიც მკაცრდება. კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელი იქნება ორ საპარლამენტო სესიაზე განხილვის შედეგად და სამთვიანი შუალედით. ამის არგუმენტად შარმანაშვილი იმ ფაქტორს ასახელებს, რომ "ხშირი და მარტივი ცვლილებები ვნებს კონსტიტუციის სერიოზულობას". თუმცა, მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა შესაძლებელი უნდა იყოს.