საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ "კომისიას პრემიერის თანამდებობის ვინმესთვის მორგება რომ სდომოდა, ყველა უფლებას მისკენ გადაქაჩავდა". ეს განცხადება შარმანაშვილმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას გააკეთა, რომლებიც ქვეყანაში უმცირესობების უფლებების საკითხებზე მუშაობენ. შარმანაშვილმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ პროექტი ემსახურება ძალთა დაბალანსებას და მისთვის მიუღებელია კრიტიკა, თითქოს ეს პროექტი ემსახურება კონსტიტუციის სააკაშვილისათვის მორგებას.
ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილებების იმისთვის ხორციელდება, რათა სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლების სათავეში დარჩენის შესაძლებლობა მიეცეს. გასათვალისწინებელია ისიც რომ პროექტის თანახმად, მნიშვნელოვნად ძლიერდება პრემიერის უფლებები. თუმცა შარმანაშვილი ამ კრიტიკას კატეგორიულად არ იზიარებს და აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად, სწორედ პრეზიდენტი იქნება მთავრობასა და პარლამენტს შორის არბიტრის ფუნქციის მქონე; საომარი მდგომარეობის დროს მთავარი უფლებები გადადის პრეზიდენტის ხელში და იგი მართავს ქვეყანას მის მიერ გამოცემული დეკრეტებით, რომელსაც მთავრობასთან შეთანხმება არ სჭირდება. სხვა შემთხვევაში კი პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებებს და ბრძანებულებებს მთავრობის თანხმობა ესაჭიროება. მათ შორის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროსაც.