დღეს, სარფში სახალხო დღესასწაული "კოლხობა" გაიმართა, რომელსაც 1978 წლიდან აღნიშნავენ ისტორიული ლაზეთის ტერიტორიის მაცხოვრებლები. „კოლხობა" ლაზებს აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა მიულოცეს. ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად მეზობელი თურქეთის საზღვრისპირა სოფლებიდან მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.
სარფის სანაპიროზე ქართულ-ლაზური ტრადიციული კერძები, რეწვის ოსტატების შემოქმედება და ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი. „კოლხობაზე" უნიკალური ლაზური პოლიფონიური ნიმუშები გაჟღერდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მილოცვისას ხაზი გაუსვა ტრადიციული ფესტივალის სარფში ჩატარების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ფესტივალის დამკვიდრებასა და შენარჩუნებაში თავისი წვლილი შეიტანა.
„ქვეყნისა და რეგიონის სწორი განვითარება, ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა აუცილებლად გულისხმობს ჩვენი ტრადიციების პატივისცემასა და შენარჩუნებას. დღევანდელი დღეც არის ამის მაგალითი. ეს ფესტივალი განსაკუთრებულად ასახავს ჩვენი ქვეყნის უძველეს ტრადიციასა და კულტურას, რადგან დაკავშირებულია ისტორიულ კოლხეთთან, ლაზეთთან. ვფიქრობთ, მომავალში „კოლხობის" დღესასწაულს კიდევ უფრო დიდი მასშტაბი უნდა მიეცეს" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.