დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 73 ათასზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერა შეიტანა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან თავად განაცხადა.
"დღეს დასრულდა ხელმოწერების შეგროვების პირველი ეტაპი. შევიტანეთ 73 ათასზე მეტი ხელმოწერა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას დიდი მადლობა მოვახსენო, ვინც მუშაობდა ხელმოწერების შეგროვებაზე. ძალიან ბევრი ღამე გაათენეს ამ საქმეზე. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ხელი მოაწერა და საშუალება მომცა, რომ ჩემი კანდიდატურა დარეგისტრირებულიყო. მინდა მადლობა მოვახსენო მათაც, ვინც ვერ ან არ მოაწერა ხელი, რამეთუ მე ვიქნები მათი პრეზიდენტიც. 12 სექტემბერს ქუთაისიდან იწყება მეორე ეტაპი და მთელ რეგიონებს მოვივლი ამ საბოლოო მარათონის მანძილზე,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასარეგისტრირებლად საპრეზიდენტო კანდიდატებმა არანაკლებ 25 923 ხელმოწერისა უნდა შეიტანონ.